„ქართული ოცნების“ ორი წევრის შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ელისაშვილ-თალაკვაძის პარლამენტში შეხვედრას.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის.
„ქართული ოცნება“ შიგნით ვის შეხვდება, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა საუკეთესო, რომ პარლამენტში ელისაშვილი არ შესულიყო, მაგრამ ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ელისაშვილი არის „ქართული ოცნების“ წევრი და რამდენჯერ ისინი ერთმანეთს გადაეყრებიან, ეს ჩვენი კომენტარის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება ელისაშვილის ამ ქმედებას, გუშინ საზოგადოებამ პირდაპირ სილა გააწნა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ორ საათში შეაგროვა 5, 10 და 20 ლარით გირაოს ფული. ამით მათ პირდაპირ თქვეს, რომ ეს ორი ადამიანი არის სინდისის პატიმარი და ეს იყო ძალიან მაღალი შეგნების სამოქალაქო საზოგადოების ნაბიჯი. თავის მხრივ, ივერი მელაშვილმაც თქვა, რომ თუ ელისაშვილიც მის ხარჯზე აპირებს პარლამენტში შესვლას, ამის ნაცვლად ის მზად არის, რომ უკან დაბრუნდეს ციხეში, მეტი რაღა უნდა თქვას ამ ადამიანმა?! თუ ელისაშვილმა აქედანაც ვერ გააკეთა დასკვნა, ამ ფულის შეგროვების ამაღელვებელი ფაქტიდან და მელაშვილის ამ განცხადებიდან, მაშინ მე უბრალოდ ვთავაზობ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე შუბლის ძარღვის იმპლანტი მიუტანა თამარ ჟვანიას, მას მაინც არ გამოადგა არაფერში და მე ვთავაზობ, რომ ეს იმპლნატი ელისაშვილს წაუღონ“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.











