“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩს აკრიტიკებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ელჩმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს დასცინა და მხარე გახდა, როცა “იმედის” ტელევიზიიდან სარკასტული კომნეტარების გაკეთება დაიწყო.
“რაც შეეხება გერმანიის ელჩს – კი, როცა შიდა დისკუსიაში მხარე ხდება და მთავრობის პროპაგანდის ორგანოდან სარკასტულ კომენტარებს აკეთებს პროცესის ეგზოტიკურობაზე მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობას ებრძვის, რეაქცია იქნება – სარკასტული.
კომუნისტური ტოტალიტარიზმი და ფაშიზმი თანაბარი ბოროტებაა – საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია ის, რომ საქართველოში ოლიგარქები ძალაუფლებას იტაცებენ. თორემ მშვენიერი პარლამენტი გვქონდა საბჭოთა ოკუპაციამდე – 5 ქალიც იყო შიგ.
გერმანია გაუმკლავდა წარსულს – ამიტომ ჩემი ხუმრობა გაცილებით დიპლომატიურია.
ჩვენ ტრავმასთან გამკლავების მტკივნეულ პროცესში ვართ და ამ ბატონმა პროცესს დასცინა მთავრობის პროპაგანდისტული ორგანოდან. ასეთი ამპარტავნება მიუღებელია”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა TV იმედთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან” მისი ფავორიტია “ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით”.











