ამ ხალხს არ უნდა შეთანხმება. ამ ხალხს უნდა ჩხუბი, – ასე აფასებს “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივას.
იაგო ხვიჩიას თქმით, ის ოპოზიციასა და შარლ მიშელის შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს და კრიზისის განმუხტვის იმედი არ აქვს.
“დიალოგის გადარჩენის ბევრი შანსი არსებობს, უბრალოდ, მხარეებს ეს უნდა უნდოდეთ. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც მხარეებს შეთანხმება არ უნდათ და ჩვენი პარტნიორები აძალებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” შეთანხმებას.
ობიექტურად, ამ ხალხს არ უნდა შეთანხმება. ამ ხალხს უნდა ჩხუბი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ახლა, უბრალოდ, შეეჩეხნენ რთულ სიტუაციას, როდესაც ეს ჩხუბი საზღვრამდე მივიდა და ადამიანი აღმოჩნდა ციხეში, ამ ჩხუბის შედეგად.
ამ შეხვედრას ექნება თუ არა შინაარსი არ ვიცი, მე სკეპტიკური ვარ, როდესაც ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს ვუყურებ, თუ ვინ ხვდება საერთაშორისო პარტნიორებს. იქ არის ხალხი, რომელთაც შეთანხმება, უბრალოდ, არ უნდათ.
იქიდან მერე გამოვლენ ჩვენი მეგობრები და იტყვიან, რომ გავეცანით სიტუაციას და არ ვიცით აქედან არის თუ არა გამოსავალი, როგორც ეს აშშ-ს ელჩმა თქვა. დღევანდელი შეხვედრაც ამაზეა დამოკიდებული, შეიცვალა თუ არა ოპოზიციამ ან მმართველ გუნდმა განწყობები. თუ ესენი არ შეიცვლიან, ისინი მოძალადებიი ხომ არ არიან რომ ძალით შეგვარიგონ,”-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ შარლ მიშელმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასრულა. მანამდე კი ის სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.











