ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” გარდა სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და სხვა ავტორიზებული ვაქცინაც შემოვა საქართველოში.
“ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ეხება ეს, და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ ვაქცინაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი, იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე – ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა.
საუბარია “ფაიზერზე”, “ასტრაზენეკაზე”.
სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











