დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 2020 წელს აჯამებს.
„ძვირფასო კოლეგებო, პირველ რიგში, მინდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე 2020 წლის განმავლობაში, ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
2020 წელი გამორჩეული იყო იმ დიდი გამოწვევით, რაც კორონავირუსული დაავადების პანდემიით აღინიშნა მსოფლიოში. მსგავსი მასშტაბებისა და სიძლიერის საფრთხის წინაშე დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით ას წელიწადში ერთხელ დგება და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე იდექით საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ამ ფრიად სერიოზულ საფრთხესთან გასამკლავებლად.
თითოეული თქვენთაგანის შრომა არის შეუფასებელი, რადგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთელი დიდი კოლექტივი, 2020 წლის განმავლობაში, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მაქსიმალური დატვირთვით, დაუღალავად ებრძოდით ამ უდიდეს გამოწვევას და ამავე დროს, აგრძელებდით ჩვეულ საქმიანობას.
ჩვენი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ არ დამთავრებულა და მე მჯერა, რომ მომავალშიც თითოეული თქვენგანი ჩვეული შემართებითა და მხნეობით გააგრძელებს იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა ეწოდება.
გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალი წელს. მინდა, რომ 2021 წელი თითოეული თქვენთაგანისა და თქვენი ოჯახებისთვის იყოს პირველ რიგში ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულისა და სიკეთის მომტანი და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ის დიდი გამოწვევა, რომელსაც კორონავირსუსული პანდემია ეწოდება.
თქვენი იმედი ყოველთვის აქვს ქართულ საზოგადოებას და ღმერთმა ნუ მოუშალოს!
საუკეთესო სურვილებით, ამირან გამყრელიძე“, – ნათქვამია წერილში.











