„მიღებულია ჩვენთან საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა „პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს აბიტურიენტების გულშემატკივრებს, რომ საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ და დიდი თავშეყრა აირიდონ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დილის 6 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
რეკომენდაციების მიხედვით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება.
შეგახსენებთ, 2 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები პირბადეების გარეშე ჩატარდება.
აბიტურიენტი მერხამდე პირაბდით უნდა მივიდეს, თუმცა უშუალოდ გამოცდის დროს შეეძლება მისი მოხსნა, რადგან მერხი დეზობარიერით იქნება დაცული.











