ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადე ტესტის დაწერაში ხელს არ შეუშლის.
„მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები, წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს. პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ შესაძლებლობაზე. ანუ მხედველობაში მაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოცდის ჩაბარების პროცესში“, – აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანაში გამოცდები პირბადეების თანხლებით მიმდინარეობს და ამაში არანაირი საშიშროება არ არსებობს.
გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ აბიტურიენტების ასაკში, იშვიათია ისეთი დაავადებები, რომლის მდგომარეობასაც პირბადის ტარება დაამძიმებს.
თუმცა, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში, ეს ფაქტორი გათვალისწინებული იქნება.
„ალბათ, სოციალურ ქსელში ნახავდით, კორეაში როგორ აბარებენ გამოცდებს ახალგაზრდები. ყველგან, მთელ მსოფლიოში, გამოცდები მიმდინარეობს პირბადეების ხმარებით. არანაირი საშიშროება ამაში არ არის. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, თუ ადამიანს აქვს და ეს ახალგაზრდებში არ არის, დაავადებები, რომლის დროსაც ექიმმა შეიძლება, თქვას, რომ პირბადის ხმარება შეიძლება, იყოს გარკვეულად მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს არის იშვიათი გამონაკლისები. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ტიპის დაავადებები არ არის ან ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს აბიტურიენტებში. ამიტომ, თუ იქნება ექიმის ასეთი დასკვნა, ეს გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ზოგადად, პირბადე უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა აბიტურიენტს გამოცდის დაწერა პირბადის თანხლებით მოუწევს.











