დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, 80%-დან 90%-მდე, ე.წ ბრიტანული შტამი დომინირებს, რის გამოც, ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
„ბოლო პერიოდში, ლაბორატორიულად დადასტურდა ერთი სამხრეთ აფრიკული და 18-მდე ინდური შტამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 18 ადამიანს აქვს ეს შტამი. ის, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკული შტამი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს. ძირითადად, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დომინირებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ეს გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი. ამის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.35 %-ია.











