დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.
კითხვაზე, ხომ არ არის რეკომენდაცია, რომ წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდეს, ამირან გამყრელიძე პასუხობს:
„ეს კითხვა სენსიტიური თემაა, როცა საკითხი ეხება ეკლესიას. საქართველოში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუციას. ეს კითხვა ისმოდა გაზაფხულზეც და მაშინ დაავადებათა კონტროლმა რეკომენდაციები გასცა.
რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის იგივე. დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა, ეკლესიის შიგნით თუ გარეთ. ამიტომ სასულიერო პირებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 12632 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











