„კორონავირუსის მეორე ტალღას ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები იქნება.
„სკოლის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სწორედ წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად არჩევნები 31 ოქტომბერს. დაახლოებით 2, 2,5 მილიონი ადამიანი მიდის ხოლმე არჩევნებზე და ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ყველა წესი.
დღეს უკვე მუშაობენ ჯგუფები თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი არჩევნების პროცედურის დროს ეპიდუსაფრთხოების ნორმები. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ, დიდი ალბათობით პრობლემა არ უნდა შეიქმნას. მოგეხსენებათ პანდემიის პირობებში რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, არაფერი დიდი პრობლემები ამას არ გამოუწვევია. რა თქმა უნდა დაცული იყო შესაბამისი რეკომენდაციები.
აუცილებელი წინასაარჩევნო აგიტაცია არ ჩატარდეს დახურულ შენობებში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და მშვიდად იყავით, ამირან გამყრელიძე არ იტყვის და არ მისცემს ისეთ რეკომენდაციებს, რომლისაც მას არ სჯერა. “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.











