„რა თქმა უნდა იქ დაირღვა ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრების შეკრებას გამოეხმაურა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ცხელების ცენტრს, ან დარეკოს „112“-ში.
„მინდა მივულოცო საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ეს გამარჯვება. ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან პირველად გვეძლევა რეალური შანსი ევროპირველობაზე გასასვლელად. მესმის ეს ემოციები, რაც იყო. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დაემორჩილა აკრძალვას და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები. იყო რეკომენდაცია, რომ 30% დასწრებოდა მატჩს, რაც დაახლოებით 17-18 ათას კაცს ითვალისწინებს, მაგრამ რისკი საკმაოდ მომატებული იყო. რა თქმა უნდა იქ დაირღვა ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს ჩვენმა გულშემატკივრებმა. ვთხოვ ყველა ადამიანს, რომლებიც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ მისულები, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი. თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიაკითხონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ „112“-ში და სწრაფად მოხდეს მათი იზოლირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა. შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, რის გამოც ათასობით ქომაგი „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და ეროვნულ ნაკრებს ამხნევებდა.











