დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის დასაწყისთან შედარებით ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი განახევრებულია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს, ასევე იკლებს ე.წ. დადებითობის პროცენტი. ჩვენ დეკემბრის დასაწყისში თუ დადებითობის საშუალო გვქონდა 28%, დღეს ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 13%-ზე. განახევრებულია ეს მაჩვენებელი. ინციდენტობის შემცირება, დადებითობის მაჩვენებლის ქვესვლა, მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება. ასევე, თუ შეამოწმებთ ზარებს „112“-ზე, ვნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 538 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 41 ადამიანი.











