სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენაში არ ჩაერთვება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ლომჯარიას გადაწყვეტილება „სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება”.
“ამ პროცესში ვინმე ჩართულობაზე უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება და ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. ქალბატონი ნინო ვალდებულია, უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია, ჩაერთოს პროცესში.
მაშინ, როდესაც არ სახელდება არეცრთი ობიექტური გარემოება და პირი, ომბდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს – სხვა ქვეყნის ობუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი”. – ამბობს ოხანაშვილი.
ცნობისთვის, ლომჯარია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, ის უარს ამბობს მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.










