ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე, სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან.
“რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ამასთან მიმართებაში ჩვენ ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, აქაც საკითხი დგას ისე, რომ ერთი იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, უფრო მეტი კვალიფიკაციის და ერთი იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შესრულების საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანი…
მოადგილის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ შევჯერდებით კიდევ ერთ შეხვედრაზე, ალბათ ორშაბათს. პრინციპულ საკითხები შეუთანხმებელი აღარ დარჩება…საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.










