„მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯეიმს აპატურაის დღევანდელი ჩამოსვლა. პრაქტიკულად, მგონი, მეთერთმეტე წელია, რომ ამ პოზიციაზე როგორც პირადი წარმომადგენელი ნატო-ს გენერალური მდივნის, კურირებს ჩვენს რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
“ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში და ეს არის ის მთავარი მოტივაცია რატომაც გადავწყვიტე, რომ 11 წლის თავზე გადმოგცეთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო.
ამ ჯილდოს ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენს შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში ნატო-ს მიმართულებით, არის ძალიან სერიოზული წარმატებების გზა.
ბოლოს 14 ივნისს სამიტზე ჩვენ ვნახეთ თუ როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორს ვართ წასული იმ მისწრაფებების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება ნატო-ში, ეს გზა წინ მიდის. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ თქვენ ამ გზაზე იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ“, – მიმართა ჯეიმს აპატურაის ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. .











