„ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ დევნილებს მიმართავს, ონლაინ ინსტრუმენტს წარადგენს და booking.com-სა და airbnb.com-ის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას გეგმავს.
„უკვე წლებია, ჩვენს საზოგადოებას აწუხებს ოკუპირებული ტერიორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის წართმეული უძრავი ქონების საკითხი. კანონიერ მფლობელთათვის წართმეული ქონება აქტიურად ქირავდება ისეთ პოპულარულ ევროპულ და ამერიკულ უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებზე, როგორებიცაა booking.com და airbnb.com. დასავლური კორპორაციების მიერ წართმეული ქონების გაქირავება და შემოსავლის მიღება ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და დაკანონებაა, რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ ებრძვის.
დღეს გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინტეგრირებული ონლაინინსტრუმენტი, რომელზეც დევნილებს შეეძლებათ საკუთარი სახლებისა და ბინების პოვნა, თუკი ისინი ქირავდება ამ ორ პლაფორმაზე. ბინის ან სახლის აღმოჩენის შემთხვევაში, დევნილი უნდა დაუკავშირდეს „აფხაზთა კრებას“ ფეისბუქის დახურული ჯგუფის საშუალებით. შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვებისა და საღი აზრის ფარგლებში ვერიფიკაციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ დახმარებით, „აფხაზთა კრება“ შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოში.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ რამდენიმე საერთაშორისო პრეცედენტით და იმ პირობებში, როცა სახელმწიფო დევნილთათვის წართმეული ქონების ევრპოპულ და ამერიკულ პლატფორმებზე უკანონო გაქირავების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, დევნილები შეძლებენ როგორც კომპენსაციის მიღებას, ასევე მოხდება ამ ბინებისა და სახლების შესაბამისი პლატფორმებიდან წაშლა. ამავე დროს, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაცია, რასაც დეოკუპაციის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კანდელაკმა.











