„ყველა უწყება იქცეოდა და იქცევა სწორად და ნურავის ეტკინება, თუ ეს სტრუქტურები გამოამჟღავნებენ ძალიან მძიმე დანაშაულს“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე საუბრისას განაცხადა.
როგორ იგი ამბობს, ამ შემთხვევაში საუბარია სამშობლოს გაყიდვაზე.
„აქ საუბარი შეეხება სამშობლოს გაყიდვას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეგობარი ქვეყნის სასარგებლოდ ტერიტორიების გასხვისების მცდელობაზე. საფრთხე გაჩნდა იმისა, რომ ეს ტერიტორიები გადაცემოდა ჩვენ პარტნიორ მეგობარ აზერბაიჯანს, მაგრამ მაინც სხვა სახელმწიფოს. ეს დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი ორგანოები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და კომისიის ყოფილი წევრი დააკავა. კერძოდ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მლაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.











