საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„არსად მივდივარ, აქ ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში მოვხვდე? ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ – ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები.
საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა და არც მიფიქრია ამ სიებზე. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში არჩევნების წინ ვინ მოხვდება?
ეს ნორმალურია. მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი. ჯერ ადრეა. ჯერ პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია. ჯერ არის უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღები. ამაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ. რა დროს სიაა?“, – განაცხადა პრემიერმა.











