ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები ხელისუფლებას ნამახვანჰესის მშენებლობის შესაჩერებლად ორკვირიან ვადას აძლევენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუკი ორ კვირაში მთავრობა არ გაიყვანს კომპანია „ენკას“ ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
„ოღონდ ამჯერად ვის რა ტექნიკა გვყავს იმას დავტოვებთ სამშენებლო ადგილზე და ტერიტორიის პიკეტირებას მოვახდენთ, მხოლოდ ასე მშვიდობიანად შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად“, – განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.
გიგანტური ჰეისის მშენებლობის გასპროტესტებლად აქციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეურთდენენ. მათ შორის არიან სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც.
ცნობისთვის, რიონის ხეობაში 433მგვ. სიმძლავრის კასკადების მშენებლობას ადგილობრივები ოთხ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მათ გუშინ 126-ე ღამე გაატარეს კარავში.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, “ენკა” ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ავტორი: კესო მოლაშხია










