არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია, – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, არსებულ სიტუაციაში ქვეყანა რომ გადარჩეს ძალიან მნიშნველოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა.
“საწყისი წერტილი არის, რომ ზოგადადაც და არსებულ სიტუაციაშიც განსაკუთრებით, ძალიან მნიშნველოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ეს ყველაფერი არის ქვეყნის გადარჩენა. პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. ეს არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია. ასეთი პარლამენტი ეფექტიანად ვერ მუშაობს. ეს რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, ვიდრე ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიდგომა იქნებოდა უფრო სხვანაირი. ახლა ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი, რომ რაღაც პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები. პოზიციამ თავისი შეთავაზება გააკეთა, ოპოზიციამ თავისი პოზიცია გამოხატა და გვაქვს მოლაპარაკება მედიაციის საშუალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა გაითავისებს იმას, რომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს.











