დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვს. თამარ სულაძე აცხადებს, რომ უკვე შედგა შესაბამისი კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, თუმცა პანდემიის გამო, პატრიარქთან შეხვედრა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
„ჩემს მეუღლეს პატრიარქთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ მოვითხოვეთ პატრიარქთან შეხვედრა, მაგრამ გვითხრეს, რომ პანდემიის გამო, მეუფეებსაც არ აქვთ მასთან შეხვედრის უფლება, ამიტომ, დროებით ვერ მოხერხდება ეს შეხვედრა. ჩვენ კი არ გვინდა, პატრიარქს დანაბარები ვინმემ გადასცეს, ჩვენ პირადი შეხვედრა გვინდა პატრიარქთან“, – განაცხადა თამარ სულაძემ.
ამასთან, დაკავებული კარტოგრაფის მეუღლემ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს განაჩენი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„მე მგონია, რომ ეს დიდი სპექტაკლი არჩევნებისთვის იყო დაგეგმილი და არჩევნების შემდეგ შეიძლება შერბილდეს ეს მდგომარეობა“, – ამბობს სულაძე.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).











