პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეს პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს და არასტაბილური სიტუაცია, ზოგადად, მსოფლიოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად განიხილავს საკითხს, რატომ ხდება, რა არის მიზეზი საბოტაჟის და აწყობს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რაც რუსეთს აწყობს.
გავიმეორებთ ალბათ იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უკვე განაცხადა – ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა, რომ არჩევნები იყო ჩატარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. მე საკითხების ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნება შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა, იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნებიო. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები უნდათ მოახვიონ თავს საზოგადოებას. ეს სერიოზული საუბარი იქნება და არამარტო არჩევნებზე,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.
17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.
სახელმწიფო მდივნის, პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე.











