„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი „აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო“. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე“ და შეცდომები ექნებოდათ. დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაპროფესიონალ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა. განაში 600 ათასი დოზა უკვე მიიღეს და იწყებენ ვაქცინაციას. მანამდე იყო რუანდა, რომელიც 2 მლნ დოზას იღებს. ეს გამართლება, რომ ნუ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს… კი ბატონო, არ ვედრებით, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშსაც აღარ შევედაროთ?! საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?! ეს არის მიზეზი იმის, რომ მთავრობამ არ აწარმოა მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან და მწარმოებლებთან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.










