„მე პირადად მივესალმები ისეთი ადამიანის მოსვლას პრემიერ-მინისტრად, რომელსაც აქვს პრაქტიკულად სრული შესაძლებლობა, რომ უწყვეტად გააგრძელოს ქვეყნის მართვა და იმ რეფორმების წარმართვა რომელიც გვაქვს“,- ასე აფასებს უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას.
როგორც სარჯველაძე ამბობს, მან არ იცის ვინ შეიძლება იყოს თავდაცვის მომავალი მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს.
„რა ინფორმაციაც მაქვს, კოლეგებთანაც მქონდა საუბარი, ყველა პოზიტიურად შეხვდა პრემიერობის შერჩეულ კანდიდატს. შესაბამისად, გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. თუ გინდათ სიხისტე დავარქვათ, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან თვისებებს როგორიცაა ენერგიულობა, სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. მე პირადად, ამ თვისებებს გამოვარჩევ ბატონი ირაკლის შემთხვევაში და რა საკვირველია ეს გვაძლევს საფუძველს, რომ სწორად შეფასდეს მისი კანდიდატურა, როგორც ერთმნიშვნელოვნად სწორ გადაწყვეტილებად.
ის რომ გამოცდილი კადრია, ჩემთვის პირადად ძალიან მრავლისმეტყველია. სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას ვინ იქნება წარდგენილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, თუმცა დიდად არც ვინტერესდები რადგან სულ რამდენიმე საათში ცხადი გახდება მისი ვინაობა“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, დღს 18:00 საათზე მთავორბის ახალი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი.











