მე სად დამზადებულ ვაქცინას გავიკეთებ თუ იმის უკან დგას „ასტრაზენეკა“ – არა აქვს ამას მნიშვნელობა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.
„როდესაც ვამბობთ ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში, აი მაგალითად Apple-ის პროდუქცია ყველამ იცის, რომ რაღაც ერთეული გამონაკლისი ნაირსახეობა მათი პროდუქციისა ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არავის არ მოსდის აზრად თქვას, რომ Apple ეს არის ჩინური კომპანია ხომ?! ეს არის ამერიკული ბრენდი.
ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც იქმნება, არა მარტო, ბევრი პრეპარატი, რომელსაც იგივე კომპანია „როშე“, „ასტრაზენეკა“ ჰქმნის, ხშირად ისინი გლობალური ბაზრისთვის დიდი რაოდენობის წარმოების გამო და იაფი მუშა ხელის გამო იწარმოება სწორედ აზიის ქვეყნებში.
სტანდარტი არის ის, რასაც უყენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ყველა მარეგულირებელი სისტემა, ამიტომ მე სად დამზადებულ ვაქცინას გავიკეთებ თუ იმის უკან დგას „ასტრაზენეკა“ – არა აქვს ამას მნიშვნელობა, ის სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობრისას.
ცნობისთვის, უახლოეს მომავალში საქართველოში astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა, რომელიც შექმნილია დიდი ბრიტანელების მიერ და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მაგრამ კონკრეტული დოზები, რომელიც საქართველოში შემოვა ინდოეთშია დამზადებული.










