თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? – არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს,- ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.
„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევებს, სანდოობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. ეს არის წინასაარჩევნო მცდელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე. წერენ პროცენტებს, რომელიც მათ აწყობთ. მანამე ჩვენ ვნახეთ, თბილისზე იყო ანალოგიური კვლევა, სადაც 60%-ზე მეტი დაიწერეს. ეს სანდოობას არ იწვევს.
კითხვა დავსვათ, თუ ამხელა პროცენტები აქვთ, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? გავიდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ 43%. არც ერთი კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით (გარდა იმისა, რასაც „ქართული ოცნება“ უკვეთავს), არც ჩვენი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის კვლევებით 30%-ზე მეტს ვერ აგროვებს. არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მცდელობა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს კვლევებით, რომ ის არის უპირობო ლიდერი. არაფერს ვამბობ სხვა პარტიების პროცენტებზე და განსაკუთრებით სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსის“ წინ წამოწევა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.









