8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლ.ნუცუბიძემ მიიღო.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამთ. დეტალებზე არ საუბრობს არც თავად უფლებადამცველი, თუმცა პირველად ჩვენებაში, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.
დაზარალებული გოგონას ოჯახი მათ უმკაცრეს დასჯას მოითხოვდა. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც მათ სახლი გადაუწვეს ბავშვებმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
ავტორი: თეა შონია











