შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შსს-მ არჩევნების დაწყებიდან ამ დრომდე გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო:
– ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის – ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
– ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია “ლეიბორისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა – ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











