კორონავირუსით აშშ-ს იმაზე მეტი ადამიანი დაეღუპა, ვიდრე 5 ომში ერთად, – ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს.
6 თვის წინ მოსახლეობისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ის, რაც დღეს აშშ-ში ხდება. მარტში, როდესაც აშშ-ს ინფექციურ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი 200 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა, ის გააკრიტიკეს.
სკეპტიკოსებმა მაშინ ფაუჩი შიშის დათესვაში დაადანაშაულეს. მაგრამ ის მართალი აღმოჩნდა. აშშ-მ ამ მწვავე ეტაპს ბევრად ადრე მიაღწია, ვიდრე ამას ჯანდაცვის წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ.
კერძოდ, დღეს აშშ-ს კორონავირუსით გარდაცვლილი 200 000-ზე ადამიანი ჰყავს. ეს რიცხვი იგივეა რაც 66 დღის განმავლობაში, რომ განმეორებულიყო 9/11-ის ტრაგედია, ან 109-ჯერ მომხდარიყო ქარიშხალი კატრინა.
ვირუსით პირველი გარდაცვალების შემთხვევა აშშ-ში 6 თებერვალს დაფიქსირდა. შემდეგ უკვე დღეში 858-მდე ადამიანი იღუპებოდა.
მრავალი მათგანი ისე გარდაიცვალა, რომ ახლობლების ნახვის შესაძლებლობა არ მისცემია. არც სათანადო დაკრძალვის ცერემონიალი არ ჩატარებულა.
აშშ-ში ახლა კორონავირუსი გულის დაავადებების შემდეგ, სიკვდილის გამომწვევი მეორე მიზეზია.
„სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ვირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია. ასევე, ავარიდოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. დავიცვათ ჰიგიენა. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს ყველაფერი, შევამციროთ გარდაცვალების შემთხვევები. ამისთვის კი მთავარია წესებს დავემორჩილოთ“,- განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თანაშემწემ, ბრეტ პ. გიროირმა.











