დღეს, ორი საათის განმავლობაში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ,- ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან ბევრ შეღავათზე იყო საუბარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადზე.
„პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმაში, რომ „ლოკდაუნი“ აღარ განხორციელდება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება კონკრეტულად ჩვენი საწარმოსთვისაც, რადგან, როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი“ მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და არ იყო თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება. ასევე, ყურადსაღები ფაქტია ის, რომ პირველ ეტაპს, საქართველომ ძალიან კარგად გაართვა თავი და საქართველომ მიიღო ძალიან დიდი ნდობა მსოფლიოს ბრენდებისგან და ძალიან ცნობილი ბიზნესებისგან. ხაზს გავუსვა, რომ კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები წამოვიდა ნაცვლად იმ ქვეყნებისა, როგორიც არის შუა აზიის ქვეყნები, იორდანია და ეგვიპტე,“ – განაცხადა გია ლომინაძემ.











