პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად სამსახურების გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განაახლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან და არაერთი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. მათივე განცხადებით, აღარ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.
ამ ეტაპზე მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან რვა ადამიანი შიმშილობს. მათ შორის ერთი, გიორგი გორგილაძე, მეხუთე დღეა.
„მეხუთე დღეა ვშიმშილობ. გუშინ დამჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩამიტარეს გამოკვლევები. შემომთავაზეს მკურნალობა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მომიწევდა შიმშილობის დასრულება. მე არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას. სამსახური დამიკეტეს, მეუბნებიან, ბანკი კერძო სტრუქტურაა და პროცენტს ვერ გაგიჩერებთო. ჩემი სამსახურიც კერძო იყო და დახურეს. მხოლოდ დაპირებები და არანაირი დახმარება არ ჩანს. სხვა გზა არ დაგვრჩა, ვაგრძელებ შიმშილობას“ – აცხადებს გიორგი გორგილაძე.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საბანკო სესხების გადავადება და უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდაა. მათ ამ მიზნით არაერთი აქცია გამართეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











