საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1-ლი თებერვლიდან განახლდება.
1-ლი თებერვლისთვის რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს.
მშობელთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და თვლიან, რომ საკლასო ოთახებში სწავლის განახლება საფრთხის შემცველია მოსწავლეებისთვის და სკოლები ვერ უზრუნველყოფენ რეგულაციების დაცვას.
თუმცა, აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.
აჭარაში მასწავლებელთა ტესტირება უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. უკვე 700 პედაგოგს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია. სულ აჭარაში 9 ათასი პედაგოგი თუ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა გაიტესტოს. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. პედაგოგთა ტესტირება კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო განმეორებითი- ორ კვირაში ჩატარდება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სკოლის წარმომადგენლებს ხვდებიან და აცნობენ იმ სამედიცინო პროტოკოლს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სკოლებში.
ყველა სკოლაში იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც პირი საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთავსდება. ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები შეისწავლიან სიტუაციას, განსაზღვრავენ რისკებს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
„ჯერჯერობით არ გვაქვს პედაგოგებში დადებითი შემთხვევა. ეს პროცესი გაგრძელდება და პერიოდული ხასიათი ექნება. ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდება პედაგოგების ინტენსიური გატესტვა. ეს იქნება სწრაფ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება.
ეს ყველას პასუხისმგებლობაა, მშობლის, პედაგოგის, დასაქმებული პერსონალის, ნებისმიერი ადამიანის და რა თქმა უნდა, მოსწავლეების. ამიტომ ყველას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ ჩვენ აღნიშნული წესების დაცვა. გარკვეულ რისკებთან არის სასწავლო პროცესის განახლება დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება მშვიდი“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ექნებათ თუ არა საკლასო ოთახებში სწავლის პარალელურად დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის ალტერნატივა სკოლებს, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ექნებათ ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში სწავლის საშუალება. სხვა შემთხვევაში კი ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
„ამ ეტაპზე არჩევანის გათვალისწინება არ ხდება. ჯერჯერობით მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ყველა ბავშვისთვის სწავლა დაიწყოს პირველ თებერვალს და ჩვენ უზრუნველვყოთ შესაბამისი პირობების შექმნა. შევხედავთ პროცესს როგორ წარიმართება და თუ საჭირო იქნება, შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მხოლოდ მესამე საფეხურზე იქნება შესაძლებელი ჰიბრიდულის გამოყენება, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ სადაც არის შესაძლებლობა, რომ იქნეს ადგილზე სწავლება გამოყენებული, მაქსიმალურად ადგილზე სწავლება გამოვიყენოთ“,- განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
გარდა ამისა, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში და ნაწილობრივ ბათუმში, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 26 თებერვლის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლიდან არანაკლებ ორი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურებათ.
ეს ეხება ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსწავლეებს.
მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის აჭარის განათლების სამინისტრო 529 506 ლარს გადაიხდის ტენდერის გარეშე.
„აჭარის მთელ ტერიტორიაზე [ხულოს, ხელვაჩაური-ბათუმის, შუახევის, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტები] სასწავლო პროცესი საკლასო სივრცეში განახლდება 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან. შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების დადებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა მომსახურების შესყიდვა გადაუდებელი აუცლებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის გზით“,- აღნიშნულია აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართულ განაცხადში.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ტრანსპორტის მესაკუთრეები ვალდებული იქნებიან მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
თუ კი სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ტრანსპორტი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვა თვეებშიც მოემსახურებათ. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 750 ლარია გათვალისწინებული.
ხუთი დღე დარჩა აჭარაში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებამდე. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“,- განაცხადა მინისტრმა.
მიუხედავად ამისა, მშობლების ნაწილი არ აპირებს 1 თებერვალს ბავშვების სკოლაში გაგზავნას და კვლავ დისტანციურ სწავლებას ითხოვენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











