აჭარაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 9 სექტემბერს ელექტრონული ტენდერით შესყიდული 150 ცალი გვამის ჩანთა არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 300 ცალი გვამის ჩანთის შესყიდვას გეგმავს. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება და ხელშეკრულების დადებიდან ხუთ დღეში მოხდება საქონლის მოწოდება, რაშიც, სავარაუდოდ, 9000 ლარი დაიხარჯება.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესის თანახმად, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში. COVID19 ინფექციით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი გაიზარდა, რისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა ელექტრონული ტენდერით შესყიდული რაოდენობა და დადგა საჭიროება შესყიდვისა“– აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 10 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსით სულ 197 ადამიანი გარდაიცვალა.











