აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ კარავში გაიმართა იმ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის მანდატები მოიპოვეს.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას არ ცვლის და აცხადებენ, რომ მტკიცე უარს ამბობენ მოპოვებულ მანდატებზე.
„კომფორტულ კაბინეტებში ჯდომისთვის არ ავურჩევივართ ჩვენ ხალხს. ხალხმა აგვირჩია, რომ ამ ქვეყანას ვუშველოთ, კრიზისიდან გამოვიყვანოთ და ხვალინდელი დღე უარესი კი არ იყოს, არამედ იყოს უკეთესი“,- აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ცენტრალურ ოფისში.
„პარტიები როგორც გადაწყვეტენ, ჩემთვის მთავარი არის, რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში “რესპუბლიკური პარტია. რა თქმა უნდა, ყველა პარტია ინდივიდუალურად მსჯელობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ იმართება ეს ფორმატი პარტიების მხრიდან და მიმდინარეობს მსჯელობა, შემდეგ კი საერთო გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი მიიღებს ერთად“,- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, გაყალბებული არჩევნების ქრონიკას წერტილი დაესმება იმ შემთხვევაში, თუ არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა ოპოზიცია.
„უხეირო პოლიტიკური სისტემისგან ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია 14 კაცით და ოპოზიცია 7 კაცით, რაც წარმოშობს წინააღმდეგობას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. აჭარის მოსახლეობამ, რეგიონულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების გაგრძელებაზე უთხრა უარი. ახლა რომ განვიხილოთ ეროვნულ დონეზე, 30 მაჟორიტარული კუდი მოიტოვა და 30-ვე თვითონ გაიყვანა მთავრობამ. უმაღლეს საბჭოში შვიდი დეპუტატია გასული. თუ ვინმე ამ დეპუტატებიდან ინდივიდუალურად შევა, ეს მისი პასუხიმგებლობის საკითხი იქნება და ამომრჩეველი მას პასუხს გასცემს. ჩვენი პარტიიდან თუ შევა ვინმე, ან გაერთიანებული ოპოზიციიდან, ის პარტიიდან ან ბლოკიდან გაირიცხება. ის გაემიჯნება პარტიას”- განაცხადა მურმან დუმბაძემ.
შეგახსენებთ, აჭარაში 5 პროცენტიანი ბარიერი ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალური მოძრაობამ“ გადალახა. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიმდინარე აქციებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს.
„რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს კონტექსტს, აქ ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი და ურყევი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გამოჩნდება კონკრეტული პოლიტიკოსი, კონკრეტული პირი, რომელიც გაუძლებს ნაცმოძრაობის ზეწოლას, ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი გადასახედიდან საკმაოდ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის უმაღლეს საბჭოს ფორმატში მონაწილეობის მიღება და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან პატივისცემა გარკვეულწილად მოიმატებს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











