„ქართული ოცნების” შტაბში მმართველი პარტიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
მისივე განცხადებით, აქციაზე ყოველდღიურად არის არაერთი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ამით მოახდინონ ტემპერატურის აწევა.
„დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის „გასტროლიორი. სცენარისტის მიერ მოფიქრებული და ყველანაირ დესტრუქციას უკვე ახორციელებენ, რითიც ცდილობენ, რომ მიიქციონ მოსახლეობის ყურადღება.
დღესვე დაფიქსირდა, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ახლომდებარე კორპუსებში, შევიდნენ მათთან დაპირისპირებაში და ეს გამარგინალებული ოპოზიცია დაუპირისპირდა უკვე მოსახლეობას და ეს არის მათი უკანასკნელი მცდელობა, უკანასკნელი ძალების მოკრება.
დღეს თითქოს მოსახლეობის პრობლემების მანტიით აპირებდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ამით გამართლებას იმ საქციელის, რომ კიდევ ერთხელ უნდოდათ არეულობის შეტანა დღევანდელ სიტუაციაში.
მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჟიმში, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ხვდება რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში მოსახლეობას.
მე მინდა მოვუწოდო როგორც მოსახლეობას, ასევე აქციის მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე .
რაც შეეხება იმას, რომ ისინი გავლენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
შს სამინისტროს თითოეული თანამშრომელი იცავს მათ უსაფრთხოებას და ისინი 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მორიგეობას.
და აარიდებენ ქალაქს უსიამოვნებას, დესტრუქციას, რის განხორციელებასაც აპირებს ოპოზიცია.
მოვუწოდებ ყველას მოექცნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











