„სოლიდარობა ირაკლი ფანგანს“, „კრიმინალები გარეთ, პატრიოტები ციხეში“ – ამ ლოზუნგებით ამ წუთებში ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან სხვადასხვა ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები სოლიდარობის აქციას მართავენ.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ ირაკლი ფანგანს, რომელიც დააკავეს სისხლის სამართლის საფუძველზე და ეს ჩვენ უკანონოდ მიგვაჩნია. ადმინისტრაციული წესით რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც დავა ღირდა, მაგრამ სისხლის სამართალი არის გადაჭარბებული და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი“- განაცხადა „იმოქმედეს“ წევრმა ლევან გორგილაძემ.
დაკავებული ირაკლი ფანგანის ადვოკატ მალხაზ ზოიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთის წინ წარედგინა ბრალი 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
„ამ ეტაპისთვის თავდაპირველ პოზიციას ინარჩუნებს და იყენებს დუმილის უფლებას ირაკლი ფანგანი.
თავდაპირველად დაკავებული იყო განჩინებით, რაც ითვალისწინებდა ხულიგნობასაც და დევნასაც. თუმცა მოხდა დაზუსტება და ამ ეტაპისთვის წარდგენილი აქვს ბრალი დევნის მუხლით. შუამდგომლობით აღმკვეთი ღინისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს მიმართავს პროკურატურა და დღეს ან ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი. შესაძლოა უს ქმედება, რაც ფანგანმა ჩაიდინა, საზოგადოებისთვის არ იყოს მოსაწონი, მაგრამ კონსტიტუციურად ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და შესაბამისად მისი ქმედება, როგორც დანაშაული, არ შეიძლება შეფასდეს“-განაცხადა მალხაზ ზოიძემ.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს “ალტერნატივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა ნაგავი თავზე დააყარა. ის გუშინ დააკავეს.











