აჭარის უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო პირველ პლენარული სხდომა აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” წევრებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყეს და საყვირებითა და შეძახილებით – მონა, მმართველი გუნდის წევრებს უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან დახვდენ, რასაც დეპუტატებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ყველა სხდომის მიმდინარეობისას მსგავს აქციებს მოაწყობენ.
„ალტერნატივას“ წევრები უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და ელოდებიან ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უმაღლეს საბჭოში მოპოვებულ შვიდ მანდატზე უარი განაცხადე, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა “რესპუბლიკური პარტიიდან” ირაკლი ჩავლეიშვილმა პარტია დატოვა და უმაღლეს საბჭოში შევიდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











