15 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” მიერ ორგანიზებული აქციის ექვსი დაკავებული მონაწილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული “ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე 1000 ლარით, ხოლო ამავე ორგანიზაციის წევრი გიორგი სოკოლოვი 1500 ლარით დააჯარიმა. “ალტერნატივას” ოთხ წევრს, თეიმურაზ ბერიძეს, რისმაგ ხოზრევანიძეს, ანა კონცელიძესა და მზია ქედელიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა შენობაზე სტიკერების გაკვრა, წარწერით ” მონობა ტეხავს”, სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს.
ექვსი დაკავებულის ადვოკატმა საქმის გასაცნობად 21 დეკემბრამდე ვადა ითხოვა, ხოლო მეშვიდე დაკავებული სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











