გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწოვნების ავტომობილი „ტოიოტა ვიტსი“ გამოძიების ფარგლებში დალუქეს ისე, რომ არც ადვოკატს დაელოდნენ და არც მეპატრონეს.
როგორც ღურცკაიამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები საბედისწერო ღამეს მცხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა არა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე.
„როდესაც პირველად გამოიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მეორე დღესვე მოხდა მანქანიდან ბიოლოგიური მასალის აღება და არ იქნა მანქანა ამოღებული. დაახლოებით ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება. დაილუქა და გადაყვანილია. ჩვენთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა მაშინვე ამოღებული მანქანა და რატომ ხდება ახლა. როდესაც პირველად დათვალიერდა არანაირი მტკიცებულება არ იყო, უბრალოდ რას ემსახურება არ ვიცი.
ასეთი ქმედებები ჩხრეკები, შესვლები, ამოღებები გარკვეულწილად ადამიანზე ახდენს ფსიქოლოგიურ გავლენას. ვფიქრობთ, რომ რაღაცის მიღება უნდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან. ჩემებმა რაც იცოდნენ ყველაფერ დეტალურად მიაწოდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არც გიორგი შაქარაშვილს და არც იუბილარ ქალბატონს არ იცნობდნენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამი ბავშვი იცნობდა დაკავებულ პირებს, მაგრამ დაკავებული პირების მეგობარი თუ ხარ, ეს არ არის დანაშაული“, – აცხადებს ადვოკატი.











