ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ბარამიას ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან.
„პირველადი შეფასებით, ხუთივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჯერჯერობით პროგნოზს ვერ გეტყვით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ გვეცოდინება დაზუსტებული დიაგნოზი“, – აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია











