მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების ნებართვის გარეშე განთავსების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.











