რამდენიმე კვირიანი მწვავე ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მიაღწიეს – დღეს მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა და მხარეები მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუმცა სამხედრო მოქმედებები მალევე განახლდა.
როგორც „პრაიმატიმნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხდა, მხარეები შეთანხმებას იმიტომ არღვევს, რომ საკუთარ პოზიციებს არც ერთი მხარე თმობს.
„აზერბაიჯანთან შედარებით, სომხეთს უფრო აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და სტატუს-კვოს შენარჩუნება, რადგან სომხეთმა ტერიტორიის მცირე ნაწილზე დაკარგა კონტროლი, საუბარია მთიანი ყარაბაღის, ოკუპირებული რეგიონების ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებზე, სომხეთი ამ ოკუპირებული ტერიტორიების ძირითად ნაწილზე მართვის კონტროლს ინარჩუნებს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მგონია, რომ აზერბაიჯანი საბოლოოდ არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლებელია, კონფლიქტი განახლდეს, რადგან აზერბაიჯანის მოთხოვნა იქნება, რომ სომხეთის ჯარებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია დატოვონ. ამ ეტაპზე სომხეთი აზერბაიჯანის მოთხოვნაზე, ალბათ, უარს განაცხადებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნას შეთანხმება სომხეთის ძალების მიერ შვიდი ოკუპირებული რეგიონიდან გასვლის თაობაზე.
მხარეებს შორის დროებით შესაძლებელია ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ თუ სომხეთი არ დასთანხმდება ჯარების გაყვანას მინიმუმ შვიდი ოკუპირებული ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მხარე ომს გაგრძელებს“,-განაცხადა ჩიტაძემ.
რამდენად მაღალია გრძელვადიან პერსპექტივაში, კონფლიქტის გაგრძელების საფრთხე? – ექსპერტის თქმით, საფრთხე რეალურია, რადგან სავარაუდოდ, არც ერთი მხარე დათმობაზე არ წავა.
„კონფლიქტის გაგრძელების საფრთხე მაღალია. სომხეთს სურს, მოიგოს საერთაშორისო საზოგადოების გული, რათა დიპლომატიური ჩარევით აზერბაიჯანს ხელი ააღებინონ საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე. აზერბაიჯანისთვის კი მიუღებელია დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება“,- განაცხადა ჩიტაძემ.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანი და სომხეთი მოლაპარაკების დაწყებაზე დღეს შეთანხმდნენ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











