„ეს არის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის მორიგი, ყალბი და ცილისმწამებლური განცხადება.“- ასე უპასუხა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს, რომელიც ამბობს, რომ ოფიციალური ბაქო მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიებს და ქმნის სასაზღვრო დაძაბულობას, რათა დელიმიტაციის პროცესს ხელი შეუშალოს.
„ეს არის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის მორიგი, ყალბი და ცილისმწამებლური განცხადება. შეგახსენებთ, რომ ამას ამბობს იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა, ჰქონდა ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და არღვევდა მილიონზე მეტი აზერბაიჯანელის ფუნდამენტურ უფლებებს.
„დიდი სომხეთის“ ილუზიებიდან გამომდინარე, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების გამოთქმას, რომელიც ამ ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული და ამით ცდილობს, შექმნას გარკვეული „საფუძველი“ მისი სახელმწიფოს აგრესიული, დესტრუქციული და უკომპრომისო პოლიტიკისთვის. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს არ ჰქონია ტერიტორიული პრეტენზიები რომელიღაც სახელმწიფოს მიმართ.
აზერბაიჯანი პატივს სცემს სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზღვრებში და მოითხოვს, იგივე მიდგომა გამოიჩინონ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც.“ – განაცხადა ლეილა აბდულაევამ.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყო, გამოთქვა მზადყოფნა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასაწყებად.











