საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ 2005 -2006- 2007 წლებში უშიშროების საბჭოზე აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების შეთანხმება არ განხილულა.
„მომმართა კითხვებით გამოძიებამ, რომ 2005 -2006- 2007-ში თურმე შეთანხმებულა სამი სხვადასხვა ოქმით ეს მონაკვეთები, მაგრამ ეს, თუ არ ვცდები, ბოლომდე შეთანხმებული არაა, წინასწარი შეთანხმებაა, იურიდიულად ეს არ ვიცი რას ნიშნავს. უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის, რასაც ჰქვია განხილვა, არ ყოფილა. თუ იყო ეს საკითხები, მხოლოდ როგორც შეთანხმებული საკითხი, როცა ყველა უწყებასთან შეთანხმებულია და ვთქვათ ავტომატურად მტკიცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უშიშროების საბჭოზე არ განხილულა და არ მახსოვს, რომ შეთანხმებულიც ყოფილიყო“ – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღის “კურიერის ეთერში”.
კითხვაზე, თუ პრემიერ-მინისტრთან არა მაშინ ვისთან შეიძლებოდა შეთანხმებულიყო ასეთი საკითხები, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მსგავსი ექსკლუზიური უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს.
„ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია და შესაბამისად, ის ვალდებული არ იყო ამ საკითხის ვინმესთან შეთანხმებაზე. უშიშროების საბჭოზე ჩვენ ეს საკითხი არ განხილულა“, – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.
ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.











