გამოვაცხადეთ ახალი ხიდის მშენებლობის ტენდერი, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ახალი ხიდი უნივერსიტეტის 11-ე კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსს შორის გამავალ გზას ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.
„ძალიან მნშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულების საავტომობილო გზა და ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადები და ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა. ეს ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ. უნივერსიტეტის 11-ე კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ტენდერი გამოცხადებულია. ძალიან მალე უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაო განხორციელებას. დაახლოებით 1.5-2 წელი დასჭირდება ამ პროექტის სრულად დასრულებას“, – განაცხადა თბილის მერმა.











