ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა დიმის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხიდის დანგრევას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხიდი გაფრთხილების გარეშე დაანგირეს, რის გამოც ექვს სოფელს პრობლემა შეექმნა. მოსახლეობის ირწმუნება, რომ შეთანხმებული იყვნენ, ცენტრალურ ხიდს საფეხმავლო ხიდის აშენების შემდეგ დაანგრევდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და წყალი არ მიეწოდებათ. ასევე დისტრიბუტორებს სოფლის მაღაზიებში პური და პროდუქტი ვერ შეაქვთ.
ადგილობრივების თქმით, ქალაქში ჩასვლა შემოვლითი გზით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი საფეხმავლო ხიდის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ.
„არ გაგვაფრთხილეს ისე დაანგრიეს და ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. პური ვერ შემოვიდა მაღაზიებში. ქალაქში რომ წავიდეთ, ტაქსი 15 ლარს გვთხოვს და ყოველდღე ამდენი თანხა არ გვაქვს. ასევე, დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდება სოფლებს. შეთანხმებული ვიყავით, რომ ხიდი მხოლოდ მას შემდეგ დაინგრეოდა, რაც საფეხმავლო ხიდი აშენდებოდა, მაგრამ დროებითი ხიდის მხოლოდ ბურჯი ააგეს და ისიც წყალმა წაიღო”, – ამბობენ სოფელ ზემო დიმის მკვიდრები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე ამბობს, რომ მოსახლოებას ხიდის არარსებობის გამო შექმნილი პრობლემები მიმდინარე კვირას მოუგვარდებათ.
მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქ ტრაქმშენსერვისი“ ასრულებს. ხიდის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
ავტორი: კესო მოლაშხია











