ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ლეგანესს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს კატალონიელთა 17 წლის შემტევმა, ანსუ ფატიმ გახსნა. მეორე ნახევრის 69-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მესის გოლი კარიერაში 699-ე იყო და მას 700 გოლამდე ერთი ბურთი აშორებს.
ამ გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონამ“ სატურნირო ცხრილში 64 ქულა დააგროვა და მადრიდის „რეალს“ 5 ქულით გაუსწრო.
„სამეფო კლუბი“ თავის შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.











