ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი, ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი პატიმრობაში დატოვა.
როგორც პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე აცხადებს, სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას.
მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბერს ხსენებული პირები შემოვიდნენ თურქეთის რესპუნლიკიდან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი გაჩერდნენ ბათუმის თვალთახედვის არეში, რაც შეამჩნია სანაპირო დაცვის პოლიციამ და მას შემდეგ, რაც არ გამოვიდნენ კავშირზე, მოხდა მათი გადამოწმება. ისინი შემთხვების ადგილიდან წავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში.
„სადღაც 3-4 წუთი ქონდათ დარჩენილი, რომ გადასულიყვნენ, ისინი დააკავა სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა. ისინი აცხდებენ, რომ ეს იყო თითქოს მშვიდობიანი გავლის უფლება, რასაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან საზღვაო კოდექსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი გავლა სწრაფად შეუჩერებლად ერთი ადგილიდან მეორეში გავლას და არა შეჩერებას, თუ უკან დაბრუნებას. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, ცდილობდნენ გაქცევას, გადაჭრეს ბაგირი, არ გამოდიოდნენ კავშირზე და ა. შ. ისინი ვალდებული იყვნენ სანავიგაციო სისტემები გამოეყენებინათ, ნებართვა აეღოთ სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისგან და ა. შ. გამოძიება სრულყოფილად გრძელდება. ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით. ის ვითარება რაც იახტაზე დახვდასასაზღვრო პოლიციას, იყო ჰიდროციკლი, ჰიდროკოსტიუმი, და ა. შ., რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებდა და მიუთითებდა , რომ ხომ არ ქონდა ადგილი საქართველოში მიგრანტების შემოყვანას. კონკრეტული სახელი-გვარი გამოძიებაში არ ფიგურირებს. მე პირველად გავიგე მიხეილ სააკაშვილის შესახებ დღეს დარბაზში. მსგავსს არავინ არ ედავება. ისინი უკანონოდ დაკავებულები არ არიან, ისინი არიან პირები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ. გამოძიება მიმდინარეობს 344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.
შეგახსენებთ, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მცურავი არასამხედრო გემის სამი წევრი დააკავეს. ორი მათგანი, იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, უკრაინის მოქალაქეები არიან, ხოლო მესამე, მიხეილ ბატურინი, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს პროკურატურა მათ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. სამივე მათგანი სხვადასხვა დროს მიხეილ სააკაშვილთან არიან დაკავშირებული. მიხეილ ბატურინი კი სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











