ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ კომენდანტის საათის დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ფირუზ წულუკიძისა და ასლან ჩოგაძის სასამართლო პროცესი დასრულდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით, ხოლო ასლან ჩოგაძე 1000 ლარით დააჯარიმა.
როგორც ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
„სასამართლოსთვის სამართალდამცველები რასაც იტყვიან, მათთვის ის არის დამაჯერებელი. არანაირი მტკიცებულება არ მოუტანიათ. მოსამართლემ დაუჯერა. ისეთი განაჩენი გამოგვიტანეს, რაც დაავალეს.
შეეძლოთ ჩვენი დაჯარიმება კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ისე, რომ არ დავეკავებინეთ.
მე მაგალითად, პირველად დავარღვიე კომენდანტის საათი. ისიც იცოდნენ ვინ ვიყავი და ყველა ინფორმაცია აქვთ ჩემს შესახებ. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ პროტესტს“ – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავა და 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
დღეს სასამართლომ ორი დაკავებული 1500-1500, ხოლო დანარჩენი 1000-1000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაკავებულებს შორის იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე. მათ სახელს ბათუმში არაერთი ხმაურიანი აქცია უკავშირდება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











