ბათუმში უსკო-ს შენობასთან ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ წევრებმა უსკოს შენობის შესასვლელი კარები დააბოქლომეს იმ დროს, როდესაც ადგილზე უსკოს თანამშრომლები შენობაში იმყოფებოდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ გაჩერებას და იბრძოლებენ საკუთარი არჩევანის დასაცავად.
„არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ჩვენი ხმების დასაცავად. როგორც ჩვენ წაგვართვეს არჩევანის უფლება და ჩვენი ხმები, ჩვენც არ მივცემთ მუშაობის საშუალებას. ეს შენობა უმოქმედოა, აქ გაყალბდა არჩევნები და დაკეტილი უნდა იყოს“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილი.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლეს ბოქლომის გახსნა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები შეძახილებით „იმოქმედე“ მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.

ავტორი: ნაირა ქობულაძე











